ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართული პოლიციის პოსტის აღების მოთხოვნა, არალეგიტიმური და უკანონოა (ვიდეო)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ახალგორში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული პოლიციის პოსტის აღების მოთხოვნა, არალეგიტიმური და უკანონოა.
„დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა საოკუპაციო რეჟიმმა არსებული ვითარება იმით, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს წარმომადგენლებს გადაეცათ ჯილდოები ოკუპაციის ხაზის გამაგრებისთვის და ყველა იმ მოქმედებისთვის, რომელიც მათ შორის უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას.
ამასთან. კიდევ ერთხელ, სრულიად ღიად, ფაქტობრივად აცხადებენ, რომ მძევლად ჰყავთ აყვანილი ახალგორის და მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რადგან გადაადგილების თავისუფლებას და შესაძლებლობას საერთოდ უკავშირებენ სულ სხვა მონაკვეთში ასევე არალეგიტიმურ მოთხოვნას, ქართული პოლიციის პოსტის აღების თაობაზე. ეს ძალიან გამაღიზიანებელი განცხადება, გარდა იმისა, რომ სრულიად უკანონოა, არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, რომელთაც ექმნებათ უმძიმესი და უმწვავესი პრობლემები და სიტუაცია მართლაც არის ძალიან კრიტიკული. ეს ხდება სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით, რომელსაც ასე თამამად აჟღერებენ ეს პირები.
კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ არავინ არ არის ასეთ მძიმე დარღვევებზე თავისუფალი პასუხისმგებლობისგან, როგორიც არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
​ცნობისათვის, ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები