პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2″ გახსნა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2″ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაღალი ეფექტიანობით და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.
პრემიერმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2″-ის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტი საქართველოს ენერგოსისტემისთვის ძალზედ ეფექტურად და მნიშვნელოვნად შეაფასა.
„ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და, საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.
​ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას მილიარდ 200 000-მდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და, ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და, რა თქმა უნდა, სისტემის მდგრადობისთვის ჩვენ გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები,”- აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა.
„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგში ატარებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ დღეს საქართველო არის როგორც სატრანზიტო ქვეყანა სტაბილური, მდგრადი სხვადასხვა ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით და აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ევროკავშირისა და ჩვენი მეზობლებისთვის, ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ამოცანები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის, ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის წინაშე”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
​პრემიერმა, აგრეთვე, მადლობა გადაუხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროს, ჩინელ კოლეგებს, რომელთაც, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რეკორდულ ვადებში, 2 წელიწადში დაასრულეს მშენებლობა და დამსწრე საზოგადოებასა და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2″-ის გახსნა მიულოცა.
ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.
​კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები