“როცა სვამდა, ყოველთვის ჩხუბის ხმა გამოდიოდა მათი სახლიდან” – რას ყვებიან გორში მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულის მშობლები და მეზობლები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ანდრია რამინაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს. “რეგიონულმა კვირამ” მომხდარზე დამატებითი დეტალები მოიძია და გაარკვია, რომ ბრალდებული მეუღლეს, ნანა ნადირაძეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ოჯახის მეზობლების განმარტებით, სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბისა და ყვირილის ხმა. მეზობლები “რეგიონულ კვირასთან” იმასაც ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ანდრია რამინაშვილი ნანა ნადირაძეს შვილების – 13 და 19 წლის ბიჭების თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას.
„მოჩხუბარი, მოძალადე ქმარი ყავდა. მეხუთე წელია აქ ცხოვრობენ. როცა სვამდა ყოველთვის ძალადობდა ამ გოგოზე. სიფხიზლეში წყნარი ბიჭია. ბავშვები ორი ჰყავთ – 13 და 19 წლის ბიჭები, უფროსი ჯარშია. მე პირადად არც ამ ბიჭის დაკავება დამინახავს, წასვლა რომ უნდოდა ამ გოგოს ოჯახიდან ეგ კი ვიცი”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი, თამარ სანებელიძემ.
„ხმაური გამოდიოდა ამ ოჯახიდან ხშირად. მე პირადად არ შევსწრებიბარ ძლადობის ფაქტს, თუმცა ვმუშაობ და ბავშვები რომ მოდიან ხოლმე, ხმა გამოდიოდა სულ. ძნელია ოჯახის საქმეში ჩარევა. თავად ეს სახლი მათი არაა და შემოსახლებულები არიან. მეტი არაფერი ვიცი, ბევრ მეზობელს არ გვაქვს მაგათთან ურთიერთობა“, – ამბობს გულნარ ბეშკებაშვილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” სოფელში მცხოვრები ანონიმური წყარო უყვება, კონფლიქტები ცოლ-ქმარს შორის 7 წლის წინ მომხდარი ფაქტის შემდეგ დაიწყო, რამაც მამაკაცის ეჭვიანობა გამოიწვია. წყარო იმასაც გვიყვება, რომ ქალი თვითმკვლელობას არ აპირებდა, გაურკვეველი წარმომავლობის სითხის დალევის შემდეგ, თავად დაუკავშირდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს. წყაროსვე განმარტებით, ნანა ნადირაძეს ქმრის მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს.
რამინაშვილის ადვოკატის, სპარტაკ ვარძელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას ამ დრომდე არ აღიარებს. მისივე განმარტებით, რამინაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, თუმცა მიმალვა არც უცდია.
‘’ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თუმცა ბრალდებულს არ უცდია მიმალვა, პირიქით მან დეტალური ინფომაცია მიაწოდა გამოძიებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ადასტურებს მომხდარ ფაქტს, პირიქით უარყოფს და ამბობს, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა სპარტაკ ვარძელაშვილმა.
საკუთარი შვილის უდანაშაულობის სჯერათ დაკავებულის მშობლებსაც. როგორც მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს 7 წელია მათი შვილი საკუთარ ოჯახთან ერთად იმავე სოფელში სხვა უბანში ცხოვრობს და ურთიერთობა შვილთან და რძალთან არ აქვთ, თუმცა როგორც აღნიშნავენ ზუსტად დაკავების დილას ანდრია მათთან სახლში მივიდა და მშობლებს უთხრა, რომ მეუღლესთან გაშორებას აპირებდა, რადგან გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება.
„იმ დილით ჯერ დამირეკა ჩემმა შვილმა – დედა სახლში ხარო? მერე მოვიდა და გვითხრა – ვაპირებ ცოლს გავეყარო, სულ მასხრად მიგდებენო, ვაპირებ მაგისი ნათესავები დავიბარო და დაველაპარაკოო. მერე საპარიკმახეროში წავიდა და დაგვირეკეს შენმა რძალმა შხამი დალია და თავი მოიწამლაო. ჩემი შვილი არის უდანაშაულო. შეუქმნეს პირობები და მიიყვანეს ამ დონემდე. ჩემი შვილი თვითონ ჩავიდა პოლიციაში და თავად ჩაბარდა, უთქვამს, თუ დასაჭერი ვარ, დამიჭირეთო. 7 წელია ეგენი ცალკე ცხოვრობენ ამ სოფელშივე, ნაკლებად კონტაქტობდნენ ჩვენთან. რა მოხდა სინამდვილეში, აბა, რა გითხრათ. გაიკითხეთ, სოფელში, ჩემს შვილს რა სახელი აქვს, მაგაზე ცუდს არავინ იტყვის. მე რას ვხედავდი რა ხდებოდა მაგათ სახლში, ცალკე ცხოვროდნენ. გადმოცემით ვიცი, რომ თვრებოდა მაშინ ჰქონდათ კონფლიქტი, ფხიზელი ხმასაც არ სცემდა“, – ამბობს დაკავებულის დედა გულო რამინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტრომ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლისა და 11 პრიმა 143-ე მუხლის პირველი ნაწილებით დაიწყო.