„მეუფემ ჩემი დიდი პაპის აშენებული ეკლესიის წართმევა მოინდომა“ – რა დავა მიმდინარეობს ერეკლე კუხიანიძესა და საპატრიარქოს შორის

რატომ დაობს საპატრიარქო თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები კუხიანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე გააკეთა.

საქმე ეხება სოფელ ქვემოჭალაში, კუხიანიძის საკუთრებაში არსებულ ამილახვრების ისტორიულ სასახლესა და მის ეზოში მდებარე ეკლესიას.
კუხიანიძის თქმით, სასახლე და ეკლესია მის წინაპრებს, ამილახვრებს ეკუთვნოდათ.

„რევოლუციის დროს მოხდა ექსპროპრიაცია, ხალხი გამოყარეს იქიდან ფაქტობრივად. შემდეგ კანონის ძალით დავიბრუნეთ ეს სასახლე. რატომღაც, ეპარქიის ახალმა მეუფემ გადაწყვიტა, რომ კარის ეკლესია, რომელიც ჩემი დიდი პაპის აშენებული იყო საკუთარ ეზოში, ჩემთვის წაერთმიათ. მოიშველიეს კონკორდატი, სადაც წერია, რომ ნებისმიერ ეკლესიას, თუ ნანგრევს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა, სახელმწიფო ცნობს საპატრიარქოს საკუთრებად. საქმე იმაშია, რომ ბოლო სასამართლოზე, რომელიც მე არ წამომიწყია, ჩემს წინააღმდეგ წამოიწყეს, მოსამართლემ განმარტა, – შუძლებელია ვიღაცის კერძო ქონება იქნას განკარგული სახელმწიფოსა და ვიღაცა კიდევ მეორე მხარის მიერ.

შემდეგ იყო ჯენტლმენური შეთანხმება, რომ ეკლესიას გადავცემდი საპატრიარქოს და დავა აღარ იქნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებიᲗ, ყველაფერი ჩვენი საკუთრება იყო. რეესტრის მიერ მოხდა ეკლესიის გამოყოფა და გადაცემა საპატრიარქოსთვის. შემდეგ საპატრიარქომ და მეუფემ დაიწყეს დავა იმაზე, რომ ბოლომდე არ მოგვცესო. ჩემდა გასაოცრად, დაიწყეს დავა, რომ მთლიანად ტერიტორია, კოშკები მიესაკუთრებინათ. ეკლესია ჩვენიაო, მაგრამ მისი შემადგენელი ნაწილი – კოშკი, სამრეკლო არაო. მადლობა ღმერთს, არსებობს დასკვნები, რომ ეს ეკლესიის ნაწილი არანაირიად არ არის. ეს შესაძლებელია, ოდესღაც იყო სამრეკლო, შემდეგ მოხდა კოშკად გადაკეთება, ეს იყო 300 წლის წინ. ამილახვრებმა გამოთქვეს თავისი ნება, გადააკეთეს კოშკად და სამრეკლო გააკეთეს სხვაგან. ახლა ვიღაც გამოდის და ისტორიის შეცვლა უნდა. მე არავისთან ვდაობ, ვიცავ ისტორიულ სამართლიანობას“, – განაცხადა კუხიანიძემ.

კითხვაზე, რაში სჭირდება საპატრიარქოს კოშკები, დეპუტატი პასუხობს:

„ტერიტორიაა, ბიზნესკომპლექსია მარტივად რომ ვთქვათ. ეკლესიის ეზოებში რა ხდება, არ იცით? ვაჭრობაა, ბიზნესინტერესებია. მესმის ეს ინტერესი, მაგრამ ხომ არ შიძლება სხვისთვის ქონების წართმევის ხარჯზე? ბოლშევიკური მეთოდებით?“

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები