ვახტანგ რობაქიძე: ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე, მეტი არაფერი მითქვამს

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში შეურაცხყოფა მიაყენა, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რობაქიძის თქმით, მან ოხანაშვილს მხოლოდ მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი უწოდა და ამის გამო დააკავეს.

„ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში, დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით თავისუფლების აღკვეთა. არ ვიცი, რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს”, – განაცხადა რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინცინდენტთან დაკავშირებით რობაქიძემ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოხანაშვილს კაფეში შესვლისას მიესალმა და გამოელაპარაკა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რობაქიძე აცხადებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

თავის მხრივ, მოსამართლე მარინა ჩიტაშვილმა პროცესზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისას აღნიშნა, რომ ვახტანგ რობაქიძე წარსულში ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი, თუმცა, მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები