გია გვაზავა: ახალი ტალღაა დაწყებული აფხაზეთის საზოგადოებაში, ისინი ხვდებიან რომ ეთნოსს დიდი საფრთხეები ემუქრება
ახალი ტალღაა დაწყებული თავად აფხაზეთის საზოგადოებაში, ისინი ხვდებიან რომ ეთნოსს დიდი საფრთხეები ემუქრება, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ბჟანია რუსეთის კაცია, ის საბჭოთა კავშირის უშიშროების ყოფილი თანამშრომელია, ამიტომ, პირდაპირი კავშირები აქვს მოსკოვთან. ხაჯიმბა მიუღებელია ყველა სოციალური ფენისთვის აფხაზეთში. ის თურქული წარმოშობის აფხაზია. ალბათ ესეც გარკვეულ როლს თამაშობს. წინა არჩევნებში ის გავიდა სომხური დიასპორის ხარჯზე. რუსეთისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, თუ მათი კაცი იქნება? ამიტომ, მათ არ გაამწვავეს მდგომაროება აფხაზეთში. დემოკრატიული ნიღაბიც აიფარეს და იქნება ე.წ. არჩევნები. დააკვირდით ვინ ჩავიდა – სურკოვი, ეს ის კაცია, ვინც აფხაზეთს კურირებს. ის გადაწყვეტილება, რომ ბჟანია მისაღებია აფხაზი საზოგადოებისთვის, დიდი ხანია ნათელია. ზუსტად ამიტომ იყო მისი მოწამვლის მცდელობა. კიდევ ახალი სახელები და გვარები გამოჩნდება. ბჟანიამ თუ დააყენა თავისი კანდიდატურა, საკმაოდ დიდი შანსები აქვს. მას მხარს უჭერს „ამაცხარა“, ვეტერნათა კავშირი, მეომრები, საზოგადოება მხარს უჭერს. ეს მშვიდი, ნორმალური ადამიანია, საკმაოდ განათლებული, რომელთანაც საუბარი შეიძლება.
რაღაც დიდი მოლოდინი იმისა, რომ იქ ხელმძღვანელობა შეიცვლება, ჩვენი ურთიერთობები დათბება და ერთბაშად გადაწყდება, არა მგონია, ეს ასე იყოს. მაგრამ, როცა უფრო გონიერ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, ეს უკვე კარგია. საუბარია ურთიერთობაზე ადამიანებთან, რომლებსაც მოსმენა შეუძლიათ, თუნდაც ვერ გადაწყვიტონ, მოგისმენენ მაინც. ახალი ტალღაა დაწყებული თავად აფხაზეთის საზოგადოებაში, ისინი ხვდებიან რომ ეთნოსს დიდი საფრთხეები ემუქრება, პრაქტიკულად გაქრობის ტოლფასი. არის შემდეგი პრობლემები: ნარკომანია, კრიმინალი და ა.შ. ამ პრობლემების გადაწყვეტის რა ხედვა აქვს დღეს აფხაზურ საზოგადოებას – მათ უნდათ ეს აღმოფხვრან მაგრამ, ნაწილს არ უნდა საქართველოსთან ურთიერთობა, ამასთანავე როგორ შეიძლება ეს მოხდეს, თუ გინდა სწრაფვა ევროპისკენ? ეს მოხდება მხოლოდ საქართველოსთან ერთად, სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ ისინი ამაზე ფიქრობენ, მსჯელობენ“, – განაცხადა გვზავამ.
გია გვაზავა დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენელის, სერგეი შამბას განცხადებასაც გამოეხმურა.
სერგეი შამბამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან დიალოგია საჭირო.
„ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად ვიზრდებოდით, ძალიან ახლოს ვიცნობ. მისი იმიჯი მაინცდამაინც ისეთი არ არის, როგროიც მას მოესურვებოდა დღეს აფხაზეთში, მაინც ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელიც სეპარატიზმის ერთერთი სახე იყო დღეს ასეთ განცხადება აკეთებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ხვდება, მაინც უნდა დადგეს როდესაღაც ის დღე, როცა ისინი უნდა დაგველაპარაკონ, მთავრია, თუ მისცემეს კრემლი ამის უფლებას. ყველა შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ.
მას რუსეთის ფაქტორი რომ არ გაეთვალსიწინებინა, ამას ალბათ, არც იტყოდა. ე.ი. როგორც ჩანს, რაღაც გარკვეული ძვრებიც არის ამ მიმართულებით რუსეთშიც, რომ რაღაც დიალოგი უნდა შედგეს. ამ პერიოდის განმავლობაში პირდაპირ ჩვენ არ გვაძლევდნენ საშუალებას, გველაპარაკა, თორემ, დამერწმუნეთ, ბევრი საკითხი სასიკეთოდ გადაწყდებოდა“, – განაცხადა გვაზავამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა.