გიორგი კახიანი: სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას და ხელისუფლების დამხობას ხედავს
“მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შესწავლილი უნდა იქნას. შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტიურად, მან ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია. კერძოდ, ის რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას და ხელისუფლების დამხობას ხედავს. მსგავსი სურვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებში ადრეც მოგვისმენია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გასული წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მსგავსი შინაარსი ქალბატონი სანდრა რულოვსისა და ნიკანორ მელიას განცხადებებშიც იკვეთებოდა და მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ კი, ყველაფერი ნათელი გახადა.
„მსგავსი რამ, მაგალითად, ქალბატონი სანდრა რულოვსის განცხადებაშიც იკვეთებოდა, როდესაც მან თქვა, რომ იგი მზად არის ხელისუფლების დასამხობად იარაღი ხელში აიღოს. ის, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაში შეჭრის სურვილი არსებობდა, ეს დაადასტურა ნიკანორ მელიამ, როდესაც მან ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ თუკი ვინმეს საქართველოში რაიმე კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობას” ჰქონდა თუ არა სურვილი ხელისუფლების დამხობის, მე მგონი, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდგომ ეს კითხვები უნდა გაქრეს”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.