საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი სამი პროცენტით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტები 2019 წელს 5 200 419 მგზავრს მოემსახურა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში 3 პროცენტით გაიზარდა.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული თბილისის აეროპორტის გარდა მგზავრთნაკადი საქართველოს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებში გაიზარდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 221 760 მგზავრს მოემსახურა, რაც 15 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (261 097 მგზავრი ), ხოლო 12 თვის ჭრილში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პროცენტიანი კლებაა და 3 692 202 მგზავრს შეადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მგზავრთა რაოდენობა 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებითმ 45 პროცენტით გაიზარდა და 82 551 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 12 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს 873 907 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 42 პროცენტით მეტია.
რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,239 მგზავრმა ისარგებლა. რაც 42% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 18,492 მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა და 624,178 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 598,862 მგზავრი).