მაია ცქიტიშვილი: “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის საკითხზე სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის საკითხზე სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, კონსორციუმს მთავრობამ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა და ვალდებულებების შესრულების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა.

“ჩვენ არ მოვისურვებდით რამე სახის დავას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეფასებით, იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება ძალიან ნათელია. როგორც მოგახსენეთ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება მთავრობის მიერ უპრეცედენტო მხარდაჭერა, მუდმივი გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, საჯარიმო სანქციების პატიება, საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება. ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებითა და კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან დადებულ პირობებშიც კი გამოვთქვით მზაობა პირობების შეცვლის. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ გამოიღო შედეგი და კონსორციუმმა ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი შეფასებით, დავას არ აქვს არანაირი საფუძველი. მიუხედავად ამისა, ეს კონსორციუმის უფლებაა, მათი ნებაა და, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ვიქნებით ამ დავაში ჩართული, როგორ მხარე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები