ქუთაისის მერმა სოციალურ მუშაკებს მადლობის სიგელები გადასცა
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სოციალურ მუშაკებს შეხვდა და მადლობის სიგელებთან ერთად ფულადი საჩუქრები გადასცა. ქალაქის მერმა სოცმუშაკებს მადლობა გადაუხადა მთელი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის. ქუთაისის მერიამ 2019 წლიდან ახალი საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც კრიზისში მყოფი ოჯახების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რამდენიმე ათეულ ოჯახს გაეწია დახმარება.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ფასდაუდებელ შრომას ეწევიან. სოციალური მუშაკები მზად არიან ნებისმიერ დროს აღმოუჩინონ დახმარება კრიტიკულ თუ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ოჯახებს, ბავშვებს, დედებს, ხანდაზმულებს- მოქალაქეებს სხვადასხვა პირადი პრობლემებით. ქუთაისის მერია აქტიურად თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.