კახა კოჟორიძე: ე.წ შავი სია არის აუცილებელი სახელმწიფოებრივი მიდგომა სისტემის გაჯანსაღებისთვის

ბატონო პოლიციელებო, პროკურორებო, თუ მოსამართლეებო, თქვენ თუ შეასრულებთ პოლიტიკურ დაკვეთას და ადამიანს თავისუფლებას შეუზღუდავთ, ეს არის დანაშაული – ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კოჟორიძის თქმით, მთავარი პრინციპია, ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

„არ აქვს მნიშვნელობა 50-ს შეეხება, 20-ს თუ 100-ს, ვისაც არ უნდა შეეხოს, პრინციპი არის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს არ არის ისეთი საკითხი, რაზეც საზოგადოებაში თანხმობა არ არსებობს. ყველანი ვთანხმდებით, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რამდენიც არ უნდა იყოს ან ვინც არ უნდა იყოს ის და სხვებს უნდა ვუთხრათ – ბატონო პოლიციელებო, პროკურორებო, თუ მოსამართლეებო, თქვენ თუ შეასრულებთ პოლიტიკურ დაკვეთას და ადამიანს თავისუფლებას შეუზღუდავთ, აღუკვეთავთ, რადგან „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცამ დაგირეკათ, ეს არის დანაშაული, თუ ამ დანაშაულს ჩაიდენთ, მაშინ, როგორც მინიმუმ, დატოვებთ თანამდებობას, შეიძლება, ციხეში წასვლაც მოგიწიოთ“ ,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა სისტემა გაჯანსაღდეს და არ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც უკანონო პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ.

„ეს არ არის რევანში, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და არის აუცილებელი, რათა სისტემა გაჯანსაღდეს, არ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც უკანონო პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. ეს მოქმედება, მათი გაშვება სამსახურებიდან მინიმუმ არის აუცილებელი. ეს რომ გაეკეთებინა თავის დროზე „ქართულ ოცნებას“, ამის გაკეთება აუცილებელი აღარ იქნებოდა“ ,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, „პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა“ სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე თქმით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები