ვოლსკი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად, ევროსაბჭოს დღის წესრიგით იცხოვრებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება.

მისი თქმით, თბილისი ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება და შესაბამისად ევროსაბჭოს რეგლამენტებითა და ევროსაბჭოს დღის წესრიგით იცხოვრებს.

“იგივე საკითხები ხშირად ისმის, როდესაც გაერო-ში გენერალური ასამბლეა ტარდება, ჩამოვა თუ არა კუბის ან ირანის ხელმძღვანელი, როდესაც ძალიან დიდია დაპირისპირება და ფაქტობრივად ომის პირას არის მისული სიტუაცია აშშ-სა და ირანს შორის. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხი დგება და ჩამოდიან მაინც. ჩვენთან არ არის ადვილი სიტუაცია. არ მგონია, რომ იმაზე უფრო ნაკლებად რთული იყოს, შეიძლება, მასშტაბი ის არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული გავლენა აქვს რეგიონზეც, მსოფლიო პოლიტიკაზეც. აქედან გამომდინარე, როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ცალსახა, აქედან გამომდინარე, არ ვარ მზად პასუხის მოსაცემად. აქ მარტო ჩვენი პოზიცია არ არის, ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად ევროსაბჭოს რეგლამენტებითა და ევროსაბჭოს დღის წესრიგით იცხოვრებს იმ პერიოდში თბილისი და როგორ შეესაბამება ეს იმ ვითარებას, რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის, საკმაოდ მძიმე და რთულია ამ საკითხთან დაკავშირებით რამე კომენტარი”,- განმარტა ვოლსკიმ.

რაც შეეხება იმას, რომ სერგეი ლავროვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს მძიმე თემაა.

„არ მგონია, რომ ჩვენი კანონი ოკუპაციის შესახებ უგულებელყოფილი უნდა იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ევროსაბჭოს დედაქალაქია თბილისი ამ პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ჩვენებს მართებს საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებთან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები