დავით ნარმანია: რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება.

მისივე თქმით, სემეკი სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ექვსი თვის ვადით ადგენს.

“მას შემდეგ, რაც თბილისისთვის დავასრულეთ ბუნებრივი აირის ტარიფების გაანგარიშება, ჩვენ მივუბრუნდით რეგიონებს. დღეს ვადგენთ “სოკარის“ და “საქორგგაზის” სამოქმედო არეალში ბუნებრივი აირის ტარიფს, სადაც ასევე აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის და პრაქტიკულად რჩება უცვლელი ბუნებრივი აირის ტარიფები მოსახლეობისთვის. ასე რომ, ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ, შესაბამის კომპანიებთან აქტიური მუშაობით შეგვენარჩუნებინა ბუნებრივი აირის ფასები. ძალიან დიდი მუშაობის და წვალების შედეგად მოვახერხეთ ის, რომ დაგვედგინა ტარიფები, თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ვადგენთ დროებით, ექვსი თვის ვადით და ექვსი თვის შემდეგ მოგვიწევს გადახედვა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი არ იქნება ტარიფების ზრდა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უკვე განხორციელებული ინვესტიციების ასახვა-დადასტურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე, რომ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რატომაც ჩვენ სამ წლიან ტარიფს არ ვადგენთ, თუმცა როგორც კი ეს მოლაპარაკებები დასრულდება, გრძელვადიან ტარიფს დავადგენთ“ ,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, სადაც “სოკარის“ და “საქორგგაზის” სამოქმედო არეალში ბუნებრივი აირის ტარიფს დაადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები