მამუკა არეშიძე: მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილის წყალობით ჩვენს პრობლემას კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თან ძალიან მასშტაბურად
ექსპერტი მამუკა არეშიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილის წყალობით პრობლემას კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თან ძალიან მასშტაბურად.
“მქონდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ე.წ. ხელისუფლება ახალ წლამდე გეგმავდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. აშკარაა, რომ მისი პატიმრობა მათ უკვე დიდ პრობლემებს უქმნიდა.
ამოუვიდათ ყელში, განსაკუთრებით მოსკოვში ის, რომ უკვე ლამის მთელი მსოფლიო აგნებდა რუსეთს ექიმის დატუსაღების გამო, ვფიქრობ, ამ საქმის ასეთ რეზონანსულობაში განსაკუთრებული როლი სწორედ მისმა პროფესიამ ითამაშა. როგორც ვიცი, ამ კვაზიწარმონაქმნის ე.წ. ხელისუფლებაში დიდი ჭიდაობა ჰქონდათ გამართული, როგორც მითხრეს, გაფრინდაშვილის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი ითხოვდა, რა იქნება, მარტო ის დაწეროს, რომ შეცდომა დაუშვა და საზღვარს ნუ ახსენებსო… ადგნენ და ახალი წლისთვის ვითომ გულმოწყალება გამოიჩინეს, არადა, უკვე ერთი სული ჰქონდათ გამოეშვათ, თან როგორმე სახეც შეენარჩუნებინათ. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა თავისი იქ ყოფნით, პრინციპულობით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა- მან მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ეს არის ქართული მიწა და ქართული სახელმწიფოს ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილის წყალობით ჩვენს პრობლემას კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თან ძალიან მასშტაბურად. ხომ, ნახეთ მისი გათავისუფლების შემდეგ რამხელა იყო მსოფლიოს გამოხმაურება. აქვე ერთსაც აღვნიშნავ- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე უხერხული აჟიოტაჟი ატყდა. ყველა ცდილობს, თავისი ღვაწლი წარმოაჩინოს. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ცნობილია ყველას ნამოქმედარი პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ვიცი, ვინ რა გააკეთა. ხელისუფლების მუშაობაც უნდა აღნიშნოს და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევაც, მაგრამ ვერც ერთის მოქმედება ვერ იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან აქ ძალიან სერიოზულ პროცესებთან გვაქვს საქმე და ნურავინ იტყვის, რომ მისი სიტყვა იყო საბოლოო. რა გამოდის- აშშ-ის ადმინისტრაციის, ევროპული სახელმწიფოებისა და პოლიტიკური წრეების, პოსტსაბჭოთა სივრცის უამრავი გამოჩენილი ადამიანის პოზიცია და მხარდაჭერა არაფერი ყოფილა და რომელიღაცა ქართველმა პოლიტიკოსმა გააკეთა საქმე? სიამაყით უნდა ვთქვათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში ყველამ თავისი წილი აგური დადო. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც უფრო ერთიანი პოზიციით ვიმოქმედებთ უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის… არ არის საჭირო, საბანს ყველა თავისკენ ექაჩებოდეს… არავის ღვაწლი არ დარჩება შეუმჩნეველი. გვახსოვდეს ტრაგედიიდან ფარსამდე ერთი ნაბიჯია. ნუ გადავდგამთ ამ ნაბიჯს”, – განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გათავისუფლდა.