ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, დიპლომატები განცხადებებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ
ქართველი ექიმის გათავისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მთელ ქვეყანას პარტნიორი ქვეყნები, დიპლომატები და პოლიტიკოსები ულოცავენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოწოდებას – “თავისუფლება ვაჟა ექიმს”, ახალი ფოტო დაემატა, სადაც გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად არის.
ექიმს გათავისუფლება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა მიულოცეს.
სოციალურ ქსელ “ტვიტერში” განცხადება საქართველოში უკრაინის საელჩომ გამოაქვეყნა, სადაც ექიმს გათავისუფლება მიულოცეს.
“უკრაინის საელჩო საქართველოში ექიმ გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს. მოხარულები ვართ, რომ ბატონი გაფრინდაშვილი ახალ წელს სახლში ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად შეხვდება. საელჩო მიესალმება ყველა მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრის ერთობლივ ძალისხმევას, რამაც ექიმი ვაჟას გათავისუფლება შესაძლებელი გახადა!”,- ნათქვამია განცხადებაში.
ექიმის გათავისუფლებას საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომიც გამოეხმაურა.
“მივესალმები, რომ ექიმი გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს სამხრეთ ოსეთიდან და ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. კვლავ მოვუწოდებ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გაიხსნას გამშვები პუნქტები, უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილება და შეწყდეს უკანონო დაკავებები“ – აღნიშნულია შვედეთის ელჩის განცხადებაში.
გაფრინდაშვილის გათავისუფლება მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა. “როიტერსი”, “ნიუ იორკ თაიმსი”, “რადიო თავსუფლება” წერენ, რომ ექიმის პატიმრობიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო.