ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ყველა სახელმწიფო უწყება კოორდინირებულად მუშაობდა
“ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ პირს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში, ბატონო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების დღიდან და წუთებიდან ჩართული იყო იმაში, რომ მიღწეული ყოფილიყო მისი გათავისუფლება”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ყოველდღიურად და ძალიან ინტენსიურად ჩართული იყო მთლიანად ხელისუფლება და საზოგადოება.
„ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია ის, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს თავისუფალია და ძალიან მალე შეხვდება საკუთარ ოჯახს. ყოველდღიურად და ძალიან ინტენსიურად ჩართული იყო მთლიანად ხელისუფლება და საზოგადოება. ძალიან სასიხარულო ამბავია. ბატონი ვაჟა ვნახე, ის ნორმალურად გრძნობს თავს, კარგად არის. რა თქმა უნდა დამატებითი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ პირს, სახელმწიფოს მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში, მისი დაკავების დღიდან და წუთებიდან ჩართული იყო იმაში, რომ მიღწეული ყოფილიყო მისი გათავისუფლება. ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა ძალიან კოორდინირებულად მუშაობდა ამ პერიოდის განმავლობაში ერთი შედეგისთვის, ერთი მოთხოვნისთვის, რაც უკავშირდებოდა უპირობო გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან. დღეს ვფიქრობ, რომ ის შედეგი რომელიც იქნა მიღწეული ყველასთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.