ირაკლი ანთაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს, იგი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად, იგი იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მოწმენიც გავხდით.
ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი. ამ წუთას, როგორც მოგახსენეთ, იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით, მეტი დეტალის გაზიარებას შევძლებთ“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.