ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში “დაისის” პრემიერა გაიმართა
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გახსნიდან 50 წლის იუბილე აღნიშნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ პრემიერა გაიმართა.
დადგმაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით იმუშავა.
საპრემიერო წარმოდგენაში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით მონაწილეობა არმაზ დარაშვილმა (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილმა (კიაზო), მარიკა მაჩიტიძემ (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძემ (ნანო), რამაზ კუბლაშვილმა (ტიტო), კალისტრატე ხარჩილავამ (ცანგალა), თეატრის გუნდის (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრმა და ქორეოგრაფიულმა დასმა მიიღო.
“დაისი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საპრემიერო სპექტაკლს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, საზოგადოების წარმომადგენლები და ტურისტები დაესწრნენ.
პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა.