“შობის ჯადოსნური ღამე” – ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა
ოზურგეთელმა მსახიობებმა “შობის ჯადოსნური ღამე” ე. ჰოფმანის მოტივებზე გათანამედროვებული “მაკნატუნა” მაყურებელს წარუდგინეს.
ფიფქია და შვიდი ჯუჯა, იაპონური წარმოდგენები – გეიშების ცეკვა, დისნეისა და ვენეციური კარნავალის გმირები, ბოშების წარმოდგენა და დევების გახსენება – სიკეთის და ბოროტების სცენები ერთმანეთს ცვლიდა. სპექტაკლი ქართული ელემენტებითაც იყო გაფორმებული და გურული კლაცების პროტოტიპებიც მონაწილეობდნენ. მათთვის წარმოუდგნელად სასაცილო აღმოჩნდა მაკნატუნა ჰარის თხოვნა: დახმარებოდნენ ბოროტი ჯადოქრების წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა აუცილებლად მოეყვანათ შობა.
საბოლოოდ, როგორც ყველა ზღაპარში, სიკეთემ სძლია ბოროტებას, ჰარიმ იპოვა ჯადოსნური გასაღები, გაითავისუფლა თავიც და შობაც მოიყვანა.
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი “რეგიონულ კვირასთან” თავის კმაყოფილებას ვერ მალავდა.
“ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ემოციურად. ამდენი ბედნიერი ბავშვი იყო დარბაზში და რაც მთავარია, ამ ჩანაფიქრმა გაამართლა. ამ ჩვენმა იდეამ, რომ “მაკნატუნას” მოტივებზე აი, ასეთი საოცარი ზღაპრული სამყარო შეგვექმნა. სცენიური ვარიანტი მე და ლალი თაბაგარს გვეკუთვნის, მიხარია, რომ ასეთი რეაქციები იყო. საოცრად მადლიერი ვარ ჩვენი მსახიობების, მხატვრის, მთლიანი დასის. დიდ სცენაზე მთელი თეატრი იდგა”.
“შობის ჯადოსნური ღამე” 30 დეკემბრის ჩათვლით სოციალურად დაუცველი და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლის კომერციული ჩვენებები უკვე სამი იანვრიდან არის დაგეგმილი.