ოზურგეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცეს. 2020 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურა – გზები, წყლის სისტემები, სკვერები, ასევე განათლება, კულტურა, სპორტი, ტურიზმი რჩება. ოპოზიციამ აღნიშნულ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.
საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია მამაკაიშვილი აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამორჩეული სოციალური პაკეტი აქვს.
„მეამაყება, რომ გამორჩეულად კარგი სოციალური პაკეტი გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიები. ბიუჯეტში ამისთვის გათვალისწინებული მილიონ რვაასი ათასი ლარია“.
სხდომაზე დეპუტატმა ბესო ქათამაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ყურადღება გაამახვილა, რომ ურეკის კულტურის სახლის ბიუჯეტი ისეთი დაწესებულებების ბიუჯეტს ბევრად აღემატებოდა, როგორიც არის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი, თოჯინების თეატრი და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი. მისი თქმით, სწორედ მსგავსი ფაქტების გამო არ დაუჭირა მხარი ენმ-მ ოზურგეთის ბიუჯეტს.
„მტკიცდება ბიუჯეტი, წლის მთავარი დოკუმენტი. უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ურეკის კულტურის სახლს, თითქმის 200 ათას ლარამდე გამოყო. მაშინ როცა, ლიხაურს, და სხვა სოფლებში არსებულ კულტურის სახლებს ამ ბიუჯეტის 5%იც არ აქვს დაფინანსება. გურიანთის კულტურის სახლს სახურავიც არ აქვს, წლებია ითხოვენ და არ მოხდა მათი დაკმაყოფილება. თეატრს დიდი პრობლემები აქვს და ჯერჯერობით შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ვერ შედიან შიგნით. ის დაფინანსება, რაც თეატრს აქვს, არის ძალიან მიზერული, ამით ორ სპექტაკლსაც ვერ ჩაატარებს თეატრი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს“, – თქვა ქათამაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 26 211 600 ლარით განისაზღვრა.