ზურაბ ჭიაბერაშვილი: ვაქცინაციის წინააღმდეგ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ საზოგადოებაში ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა
“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გუშინდელ განცხადებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ჭიაბერაშვილის თქმით, “დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა”, ფართომასშტაბიანი კამპანია უნდა ჩაატაროს, რათა საზოგადოებაში იმუნიზაციის მიმართ ნდობა აღდგეს.
“ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და საზოგადოებაში, სადაც ისედაც არსებობს გარკვეული ეჭვები იმუნიზაციის მიმართ, ვაქცინების გამოყენების მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა თავისი განცხადებით ეს ეჭვი. ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა მყისიერი რეაგირება და ამირან გამყრელიძის განცხადება იყო ერთგვარი მცდელობა, რომ გაენეიტრალებინა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება. თუმცა, ეს საკმარისი ნაბიჯი არ არის. მოვუწოდებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს”, ჩაატაროს ფართომასშტაბიანი კამპანია, რათა საზოგადოებაში იმუნიზაციის მიმართ ნდობა აღდგეს. მინდა, ასევე გამოვეხმაურო მედიკამენტების საკითხს. გამოსავალი, რასაც გვთავაზობს მინისტრი, არათუ არარეალისტურია, არამედ კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს შექმნის ჩვენი მოქალაქეების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის, რომ ესენციური მედიკამენტების ჩართვა მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაგრამ ამას სჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ცვლილება სისტემურად, რაზედაც ჯანდაცვის სამინისტრო სერგეენკოს პერიოდიდან მოყოლებული, უარს აცხადებს. 520-ე დადგენილებამ კი, კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი, რაც საყოველთაო ჯანდაცვაშია. ტიკარაძის განცხადებები მიმართული არის სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ექთნების წინააღმდეგ. ისედაც სერიოზული პრობლემაა, რომ მთავრობას საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონზე მეტის დავალიანება აქვს, რის გამოც სამედიცონო პერსონალი ხელფასს თვეობით ვერ იღებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ მიიჩნევს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე.