ინფორმაცია, რომელიც (არ) გვაქვს – რატომ არის მნიშვნელოვანი თბილისისთვის კომუნიკაციების ელექტრონული რუკა
სად რა გადის? – ეს კითხვა თბილისისთვის აქტუალურიცაა და პრობლემურიც. საუბარია კომუნიკაციებზე – წყლის მილებზე, ელექტროსადენებზე, ინტერნეტის ქსელზე, გაზის მილებზე, წყალარინებსა და უამრავ სხვა საკომუნიკაციო სისტემებზე.
დღეს, არ არსებობს თბილისის კომუნიკაციების ერთიანი ელექტრონული რუკა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საკმაოდ ადვილად გასაკეთებელია. კომუნიკაციების ერთიანი ციფრული რუკის არარსებობის გამო, ძალიან ხშირად, მშენებლობის დროს ზიანდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რისი რეაბილიტაციაც საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშრებული. შედეგად, საათობით, ხშირად კი დღეების განმავლობაში რჩებიან სამშენებლო ობიექტის მიმდებარედ მაცხოვრებლები ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციისა და სხვა სერვისების გარეშე.
„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, ასეთი პრობლემების ასარიდებლად, აუცილებლად გასაკეთებელია კომუნიკაციების ციფრული რუკა, რომელიც დეტალურად ასახავს რეალურ სურათს.
“საუბარია, რომ მერიის არსებულ ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც ძალიან კარგია და ყველასთვის უფასოდ ხელმისაწვდომია, დეტალურად იყოს დატანილი, თუ სად რა კომუნიკაცია გადის. ამავე რუკაზე, აღწერილი უნდა იყოს აღნიშნული კომუნიკაციის მასალა, დიამეტრი და სხვა საჭირო მახასიათებლები. ამისათვის, საჭიროა:
1) მერიამ, დაავალდებულოს ყველა საკომუნიკაციო კომპანია, რომ დეტალურად აღწერონ და ციფრულ რუკაზე დაიტანონ, თუ სად რა სამუშაო ჩატარდა;
2) იგივე ეხებოდეს სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს;
3) საკომუნიკაციო კომპანიებმა, ნებისმიერი სარეაბილიტაციო/ავარიული სამუშაოების დროს, აღრიცხონ და ციფრულ რუკაზე დაიტანონ ყველა დეტალი.
შედეგად, მერიას ექნება ერთიანი და რეალური სურათი დედაქალაქის კომუნიკაციების ქსელის შესახებ, რომელიც უმარტივესად იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული კომპანიისა და ფიზიკური პირისთვის“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
ასეთი ციფრული რუკა ბევრ პრობლემას გამორიცხავს, რომლებსაც დღეს სამშენებლო თუ სხვა სამუშაოების დროს აწყდებიან კომპანიები. მენაშენეები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მერიამ, რათა ყველაფერი ციფრულად აღირიცხოს და ერთიან ელექტრონულ ფორმატში მოექცეს. ამისათვის, უნდა დაითქვას გონივრული პერიოდი, მაგალითად 1 ან 2 წელი, რომლის ვადაშიც, კომპანიები ვალდებულები იქნებიან ყველა მონაცემი ელექტრონულ რუკაზე დაიტანონ.
„უკვე გვაქვს თბილისის გენგეგმა. არსებობს ინტერაქტიული ციფრული რუკაც. სწორედ ამ რუკაზე უნდა მოხდეს მონაცემების დატანა, როგორიცაა საკადასტრო, სატრანსპორტო და ბევრი სხვა მონაცემის ერთობლიობა. მაგალითად, როდესაც რომელიმე საკომუნიკაციო კომპანიას მიწაში გაჰყავს კაბელი, ის ვალდებული უნდა იყოს, დეტალური ინფორმაცია რუკაზე დაიტანოს, რათა შემდგომში მშენებელმა წინასწარ იცოდეს, თუ სად, რა სიღრმეზე და რა მიმართულებით გადის წყლის და/ან გაზის მილი, დენის კაბელი და ასე შემდეგ. ერთიანი ციფრული რუკის შექმნა განსაკუთრებულ ხარჯს არ მოითხოვს, სამაგიეროდ, უამრავ სხვა ხარჯებს აგვაცილებს თავიდან“, – მიიჩნევს ირაკლი როსტომაშვილი.
„მაგალითისთვის, წლების წინ, დიდ დიღომში ხალხმა მიწის ნაკვეთები შეიძინა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ნაკვეთზე, მაღალი წნევის და დიდი დიამეტრის სასმელი წყლის მაგისტრალური მილი გადის. ასეთ მიწებზე მშენებლობის წარმოება, რა თქმა უნდა აკრძალულია და შესაბამისად, კაპიტალდაბანდება უძრავ ქონებაში აბსოლუტურად წამგებიანი აღმოჩნდა. ამით კი – ბევრმა ოჯახმა იზარალა“, – მოგვითხრობს ირაკლი როსტომაშვილი.
კიდევ ერთი მაგალითი – დღეს, სავალდებულოა ხეების ტაქსაცია. როდესაც კომპანია შედის ობიექტზე, სადაც აპირებს მშენებლობის დაწყებას, ვალდებულია, ყველა ხე აღრიცხოს. ეს უკვე დოკუმენტია, რომელიც ციფრულ ფორმატში მიეწოდება მერიას. ამ მონაცემების, საერთო რუკაზე დატანით, გვეძლევა საერთო სურათი, თუ ქალაქის რომელ წერტილში რამდენი ხე გვაქვს, რამდენწლიანი და რა ჯიშის. გარდა ამისა, ნებისმიერი მშენებლობის დაწყებამდე, კონკრეტული ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა ტარდება. ეს დოკუმენტიც, ელექტრონულ ფორმატში წარედგინება მერიას, რომლის გადატანაც უმარტივესია ერთიან რუკაზე და გამოდის, რომ იქმნება მთლიანი სურათი, დაწყებული გეოლოგიით – ხეების რაოდენობითა და მდებარეობით დასრულებული. ასეთი ინფორმაციით დატვირთული ციფრული რუკა, თვალნათლივ დაგვანახებს დედაქალაქის ყველა შრეს.
R