შიდა ქართლის რეგიონის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმას 13 ახალი პროექტი დაემატა
გიორგი ხოჯევანიშვილმა რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სხდომაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს. ასევე, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს დამატებით, 13 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაემატა. მიმდინარე წელსვე დასრულდება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბისი-საციხური-აბანოს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვიავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ქ. გორის გარე განათების მოწყობა და ა.შ.
რწმუნებულმა რეგიონში დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის 2019 წლის სამოქმედო გეგმა წარმატებით განახორციელა.
“პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ მერს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის. წლევანდელი წელს სრულად ავითვისეთ ფინანსები და პროექტებიც მაქსიმალურად შესრულებულია. მომავალ წელს ჩვენ გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პროექტების განხორციელებას”, – აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.