“ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპაციის მსხვერპლია, დღეს ვიხილეთ კიდევ ერთი არალეგიტიმური გადაწყვეტილება, რომელიც არანაირ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და მორალში არ ჯდება”
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ საერთაშორისო ბერკეტებით, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ამან შედეგი უნდა გამოიღოს. არა მგონია, რომ ამ ხნის განმავლობაში, ვაჟა გაფრინდაშვილი დარჩეს საპატიმროში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და მიღებულ გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ამ განაჩენით, საოკუპაციო რეჟიმი სჯის ადამიანს, რომელმაც სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავა.
„ვაჟა გაფრინდაშვილი არის ოკუპაციის მსხვერპლი და არის ადამიანი, რომელიც ისჯება, ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით, იმ სიტყვებისთვის, იმ ჩვენებისთვის, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის არალეგიტიმურ სასამართლოს თუ გამოძიებას მისცა, რომ მას არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთია და საზღვარი ქვეყნის შიგნით ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, მარტივია დასკვნები. საოკუპაციო რეჟიმი თავისას ცდილობს, რომ ასეთი სიტყვებისთვის დასაჯოს ადამიანი, რომელმაც დაიჭირა სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა, ოპოზიციამ და მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ გაფრინდაშვილის დროულად დასაბრუნებლად.