მიხეილ ჩხენკელი: აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება
აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია და სწავლების მთავარი მიზანი არამხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს.
“იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, სკოლების დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არამხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს.
სწორედ ამას გულისხმობს “ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში სწავლა-სწავლების პრინციპები, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკა დაინერგა. პროგრამა აგრეთვე გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნას. ამ მოდელის დანერგვა მოსწავლეებისთვის კომპლექსური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების პირობებს ქმნის. ეტაპობრივად, 2023 წლამდე პროგრამა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავს”, – განაცხადა მინისტრმა.