ვლადიმირ პუტინი: ბერლინისთვის ხანგოშვილის გადმოცემაზე ოფიციალურად არ მიგვიმართავს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის პროკურატურას ბერლინისთვის ზელიმხან ხანგოშვილის გადაცემასთან დაკავშირებით, ოფიციალურად არ მიუმართავს.

ამის შესახებ პუტინმა დიდი პრესკონფერენციის ფარგლებში გამოცემა „შპიგელის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გადმოცემის საკითხი არაერთხელ განიხილებოდა სპეცსამსახურების დონეზე, თუმცა პროკურატურას ოფიციალურად არ მიუმართავს, იმიტომ რომ ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ეს უაზრობად ჩათვალეს, რადგან უარყოფით პასუხს მიიღებდნენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარიზში გაკეთებულ განცხადებას, რომ ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო. კავკასიაში მხოლოდ ერთ აქციაში, რომელშიც ის მონაწილეობდა 98 ადამიანი მოკლეს. ბევრ ქვეყანაში გლოვას გაცილებით ნაკლები მსხვერპლის დროსაც აცხადებენ. ასევე ის, მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო და ეს მისი ნამოქმედარის სრული ჩამონათვალი არ არის.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩემი აზრით, მთავარია რაც უნდა გვესმოდეს არის ის, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს თანაწონადი, ორმხრივი მიმართულების გზა უნდა იყოს.

ვაკვირდებით რაც ხდება სირიაში ბანაკებსა და ციხეებში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებით არის სავსე. მათი დიდი ნაწილი შუა აზიიდან არის, რუსეთიდანაც არიან ბევრი, მაგრამ არც ისე მწირი რაოდენობაა დასავლეთ ევროპიდან, მათ შორის, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ადამიანები, რომელზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ტერორისტები, მკვლელები – თავისუფლად დასეირნობენ ევროპის დედაქალაქებში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის ბერლინის ცენტრში მოკლეს. ანუ ასეთი ადამიანი თავისუფლად დადის ევროპის ერთ–ერთ დედაქალაქში.

და თუ თქვენთან ჩამოვლენ ადამიანები, რომლებიც ამჟამად ბანაკებში არიან, მოგეწონებათ? მათაც მისცემთ შესაძლებლობას თქვენს ტერიტორიაზე თავისუფლად იარონ?

იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, ერთობლივი, ეფექტური მუშაობაა საჭირო. ამისკენ მოვუწოდებთ… იმედს ვიტოვებთ, რომ ასეც მოხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ასეთი სამუშაო არ მიმდინარეობს, მაგრამ საკმარისი დოზით არა“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები