ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების გამოტანისა და რეალიზაციის უფლება ეძლევათ
საქართველოს მთავრობამ “ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიენიჭა ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის და სპეციალური ჭრების განხორციელების, ასევე, ტყის ფონდის ფართობების სარგებლობაში გაცემის უფლება. დღემდე აღნიშნულ საქმიანობას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებდა.
ამავე ცვლილებებით, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების გამოტანისა და რეალიზაციის უფლება ეძლევათ.
აღსანიშნავია, რომ ტყეში აკუმულირებული ნარჩენი საფრთხის შემცველია, როგორც ხანძარსაშიში, ასევე, მავნებელ-დაავადებების თვალსაზრისით; შესაბამისად, ტყის ფონდის მართვის ორგანოს შესაძლებლობა ეძლევა, თვითონ გამოიტანოს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენი, დაასაწყობოს და შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზაცია, რითაც მოხდება როგორც ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე სააგენტოს შემოსავლების ზრდა. კერძო სექტორს კი, საშუალება ეძლევა გააფართოოს, ან შექმნას ალტერნატიული საწვავი მასალების (ბრიკეტი, პალეტი და სხვა) წარმოება.
ცვლილებით სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების და მიღებული მერქნული რესურსის დამზადება/გაცემა მოწესრიგდება. წლების განმავლობაში, პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამასალე მერქნის (ჭიგო, სარი, საყრდენი ბოძი) მიწოდება, ამავდროულად, ტყის ფონდის ტერიტორიებზე არსებობს სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება სწორედ ასეთი სახის მერქნის მიღებაა.
აღნიშნული ცვლილება ასევე მოაწესრიგებს ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოში ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების გამოყენების წესი. კერძოდ, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ექნებათ შესაძლებლობა, საკომპენსაციო საფასურით მიღებული შემოსავალი, რაც მათი დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, მოახმარონ ტყის მოვლის, აღდგენის, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს.