ქუთაისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა
ქუთაისში ,15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აქცია გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ლუკა სირაძის ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს.
აქციის მონაწილეები სიმბოლურად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.
მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი იმ არაჰუმანურ საპოლიციო სისტემას გმობენ, რომლის მსხვერპლი ახალგაზრდების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება.
“სისტემა უნდა დაინგრეს”, “ამ სისტემის დედაც”, “იხელმძღვანელე ბავშვთა უფლებების კოდექსით”, “ბავშვის ღირსება ხელშეუვალია” – საპროტესტო პლაკატები აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის შესასვლელში დაფინეს. წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” კი შენობის წინ გააკეთეს.
“ის რომ პოლიციის დეპარტამენტთან შევიკრიბეთ, არ არის შემთხვევითი. პოლიცია კი არ უნდა კლავდეს, უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს. საქმე ერთი კონკრეტული გამომძიებლის პასუხისგებაში მიცემით არ უნდა დასრულდეს, პასუხი უნდა აგონ შსს-ს მაღალჩინოსნებმა. სისტემა არის შესაცვლელი, ის უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პოზიცია მყარად უნდა დააფიქსიროს,”-განაცხადა აქციის მონაწილემ, ხვიჩა ვაშაყმაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება.
დღესვე სამგლოვიარო აქცია გამართეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა და სასწავლო დაწესებულების კედელზე წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” გააკეთეს.
მოსწავლეებმა, გლოვის ნიშნად, სანთლები დაანთეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმით ახალგაზრდები უსამძიმრებენ და თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.