დავით თვალაბეიშვილი: არასამთავრობო სექტორთან გენერაციის ობიექტების განვითარებისთვის დიალოგის პლატფორმას ვქმნით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა”-ს მიერ ორგანიზებულ დასკვნით კონფერენციაში, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასებასა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას შეეხებოდა.

“ძალიან საინტერესოა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა”-ს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ გარკვეულ, უკვე არსებულ ჰესებზე მოხდეს გენერაციის ოპტიმიზაცია,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ასევე დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწეობენ, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჰესებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაპირებთ მათთან ერთად შევქმნათ დიალოგის პლატფორმა და შევთანხმდეთ მთავარ პრინციპებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში პასუხისმგებლიანად გენერაციის ობიექტები. ძალიან ბევრი საერთო შეხების წერტილების გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დიალოგის დაწყებით წარმატებით განვახორციელებთ დღეს ენერგეტიკის წინაშე მდგარ ამოცანებს იმგვარად, რომ ენერგეტიკული პროექტების გარემოზე გავლენა იყოს მინიმალური” – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

დასკვნით კონფერენციაში, რომელსაც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე უძღვებოდა, ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია თემაზე „გამოწვევები ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაში კლიმატის ცვლილების ფონზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები