ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) “ლიბერთი ბანკს” 15 მლნ EUR სესხი დაუმტკიცა

EIB-სა (European Investment Bank) და ს.ს. “ლიბერთი ბანკს” შორის საკრედიტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ბანკი EIB-ისგან 15 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულებას ხელი EU4Business Initiative ფარგლებში მოეწერა და ეს თანხა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას მოხმარდება.
“ლიბერთი ბანკის” ინფორმაციით, 2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:
· ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;
· მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;
· მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.
მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ “ლიბერთის” გააჩნია აუცილებელი რესურსები ამ საკრედიტო ხაზის ეფექტურად განთავსებისათვის, რის შესაძლებლობასაც იძლევა ბანკის ფილიალების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს.​
EIB-ს სესხი საშუალებას მისცემს “ლიბერთის” გააგრძელოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაუმჯობესებული პირობებით. ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას EIB სატრასტო ფონდიდან საკრედიტო მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით.
‘მოხარული ვართ EIB-სთან თანამშრომლობის დაწყებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა “ლიბერთი ბანკისთვის” და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. EIB-ს მიერ დამტკიცებული საკრედიტო რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაღრმავოთ თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეებთან საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
‘მინდა მადლობა გადავუხადო EIB-ს გამოხატული ნდობისათვის. მჯერა, ეს თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ბანკს გაიმყაროს პოზიციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან და დინამიურ სეგმენტში, რაც ბანკისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა”,- განაცხადა “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ. ​
‘მდგრადი, ინკლუზიური და ინოვაციური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა სექართველოში ევროგაერთიანების საკვანძო პრიორიტეტია. როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მიზნად ვისახავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობას საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა.
მოხარული ვარ, რომ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებასთან ერთად, ვიწყებთ თანამშრომლობას კიდევ ერთ ფინანსურ ინსტიტუტთან.
მცირე და საშუალო ბიზნესებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეუქმნიან ახალ შესაძლებლობებს როგორც ამ ბიზნესებს, ასევე მთელ ქვეყანას”,- განაცხადა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ.
​ცნობისათვის, “ლიბერთი ბანკი”, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
შეგახსენებთ, The European Investment Bank (EIB) არის ევროკავშირის ბანკი და არის გრძელვადიანი დაფინანსების ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ბანკი ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს ევროკავშირის სტრატეგიის გათვალისწინებით. გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით EIB არის უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაცია. EIB აფინანსებს მაღალი ხარისხის საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ EIB-ს მოღვაწეობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, იგი ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების სტრატეგიის რეალიზაციას. ევროკავშირთან ერთად EIB შეუერთდა Deep and Comprehensive Free Trade Agreement (DCFTA) Initiative East Programme-ს, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ქვეყნებია – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის.
EU4Business წარმოადგენს ევროგაერთიანების ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსონ საკუთარი განვითარება და ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). EU4Business პროგრამას ახორციელებენ EIB და სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). EU4Business აერთიანებს ევროკავშირის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.
EIB შეუერთდა ევრო კავშირის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც შეუერთდნენ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს ქვეყნებია – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ამ ქვეყნებში. http://www.eu4business.eu

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები