ბაღდათის მერმა მამა სერაფიმეს მრავალშვილიან ოჯახს ბარბარობა საჩუქრებით მიულოცა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძესა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დიმში მცხოვრებ მამა სერაფიმე მსხვილიძის მრავალშვილიან ოჯახს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
როგორც არჩილ გოგსაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ყოველ ბარბარობას მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ მრავალშვილიან ოჯახს ირჩევს და სიმბოლური საჩუქრებით ულოცავს ამ წმინდა დღეს.

“ტრადიცია გვაქვს ასეთი – ბარბარობის დღესასწაულზე ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვარჩევთ მრავალშვილიან ოჯახს. ამჯერად, მსხვილიძეების ოჯახი შევარჩიეთ, მივუტანეთ ტკბილეული და ამ ფორმით მივულოცეთ დღევანდელი დღე”, – თქვა გოგსაძემ. 
მეუფე სერაფიმე “რეგიონულ კვირასთან” საუბარში მადლიერებას გამოხატავს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიმართ და ამბობს, რომ ეს მისი ოჯახისთვის “შეწევნაც იყო”.
“გაგვიხარდა, როცა გვითხრეს, რომ მრავალშვილიან ოჯახებს აქცევდნენ ყურადღებას. გადმოგვცეს საჩუქრები, გულისხმიერად, შინაურულად მოგვექცნენ. რა თქმა უნდა, ეს შეწევნაც იყო ჩვენი იჯახისთვის. გახარებულები და მადლიერები ვართ, დღესასწაულს ეს სასიხარულო სტუმრობაც დაემატა”, – თქვა მამა სერაფიმემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები