ფიქრია ჩიხრაძე: ოპოზიცია არის სუპერკონსტრუქციული, ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯი

ხელისუფლებისგან ყველანი ველოდებით, რომ კონსტრუქციულ ნაბიჯს გადადგამს, ოპოზიცია არის სუპერკონსტრუქციული, ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას ასეთი ნაბიჯი, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების” ერთერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩიხრაძემ საარჩევნო სისტემის მოდელზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები შეაფასა.

„ყველამ ვიცით, რომ ყველა ხელისუფლების დროს ეს იყო პრობლემა, ყველა დროის ოპოზიციას უხდებოდა ბრძოლა საარჩევნო კანონის გაუმჯობესებისათვის და ძირითადად, ეს ეხებოდა პროპორციულ ნაწილში არჩევნების საკითხს. თავისთავად მაჟორიტარული სისტემა კი არ არის უბედურება, ყველგან მუშაობს წარმატებულად, თუ დემოკრატია მუშაობს სწორად. მაჟორიტარული სისტემა ძალიან მახინჯ სისტემად ჩამოყალიბდა საქართველოში, აქედან გამომდინარე ამ სისტემის შეცვლის აუცილებლობა დგას.

გერმანულ მოდელზე ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს არ შეესაბამება კონსტიტუციას და თვითონვე წამოწიეს მრავალმანდატიანი ოლქების იდეა, მაგრამ აქაც გაიჭედნენ იმიტომ, რომ ოპოზიცია აქაც მზად აღმოჩნდა, შეეთავაზებინა გამოსავალი. დღეს ისინი ჩიხში არიან და ამ ჩიხურ სიტუაციას განაპირობებს ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს და ის რეაქცია, რომელიც საზღვარგარეთიდან მოდის . თქვენ მეკითხებით, რა არის გამოსავალი. დღეს ხელისუფლებამ უნდა შემოგვთავაზოს, რაში ხედავს ის გამოსავალს. ხელისუფლებისგან ველოდებით ყველანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ის კონსტრუქციულ ნაბიჯს გადადგამს, ოპოზიცია არის სუპერკონსტრუქციული, ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ასეთი ნაბიჯი“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძე კონგრესმენების მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ბევრი ყოფილა მწვავე შეფასება, მაგრამ ასე ერთმანეთის მიყოლებით და ასეთი უმწვავესი შეფასებები, მე უბრალოდ არა მარტო ამ ხელისუფლების პირობებში, არც ერთი წინა ხელისუფლების პირობებში არ მახსოვს.
ხელისუფლება დღეს არის ჩიხურ სიტუაციაში. იგივე ამერიკელი კონგრესმენების წერილი, ეს ხომ არ არის ორი ჩვეულებრივი რიგითი კონგრესმენის წერილი, ეს არის ძალიან გავლენიანი ლიდერების მიმართვა საქართველოსადამი“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისდმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.წერილი, რომელიც ა.წ. 13 დეკემბრით არის დათარიღებული, გიორგი გახარიასადმი მიმართვით იწყება და ხაზს უსვამს, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები