სამართალდამცველებმა “შეცვალეს” წევრებს ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინეს
სამართალდამცველებმა მოძრაობა “შეცვალეს” წევრებს თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები საკრებულოს დერეფანში არიან შეკრებილები. არის მცირე დაპირისპირებებიც, რის შედეგადაც ერთი პირი შეუძლოდ გახდა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა “შეცვალეს“ წევრები, ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მჯდომარე აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ ერეკლე კუხიანიძემ დეპუტატის მანდატი დატოვოს.
ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა.