თეა წულუკიანი: ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს
არ ვფიქრობ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს, ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება ყველას გვაქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაფრინდაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნას.
წულუკიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად უპრეცედენტო ძალისხმევა ხორციელდება.
“ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პირველივე საათიდან მისი პატიმრობისა მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცედენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს იმიტომ, რომ ყველას გვაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით”,- განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.