ბექა ოდიშარია: ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განმტკიცების მონაწილეა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განმტკიცების მონაწილეა, ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა და ჩვენ გვაქვს მათი თანადგომის იმედი. დღევანდელი კონფერენციის მიზანი და ჩვენი ინტერესიც სწორედ ეს არის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე – “დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში” განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება სწორი და მოქნილი დიასპორული პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, ევროპის ქვეყნების მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორებთან ეფექტიანი დიალოგის წარმოების და ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ძლიერი პლატფორმაა.

ბექა ოდიშარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გასულ, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ მილიონ ნახევარზე მეტ თანამემამულესთან. ხელს უწყობს მათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება-გაძლიერებაში. ქართული სახელმწიფო ზრუნავს, გაიზარდოს დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.

“ქვეყნის წინსვლაში დიასპორის ფასდაუდებელი როლის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ამყარებს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთობებს. ამ რეფორმის ფარგლებში, დარგობრივ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ჩვენს თანამემამულეებს მიეცათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება – მათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, შეუძლიათ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული გაცილებით აძლიერებს დიასპორელების მოტივაციას, უქმნის სამართლებრივ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში”,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას დიასპორის წარმომადგენლების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის შესახებ და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის მმართველი პოლიტიკური ძალის წიაღში განხილვის ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ იქნება, რაც ამ მიმართულებით პარტიებს შორის ერთგვარ კონკურენციას დაუდებს საფუძველს.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორულ ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს, დიასპორებთან ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებისთვის, იდეებისთვის და პარლამენტის სახელით სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მისივე განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი კვლავ რჩება წლების წინ დეკლარირებული პოლიტიკისა და ღირებულებების ერთგული. დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რეგიონული თანამშრომლობა, უფრო აქტიური ნაბიჯები ევროკავშირისა და ნატოსაკენ, არის საქართველოს წარმატებისა და უსაფრთხოების გარანტი.

“დასახული მიზნების მიღწევაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორული რესურსის გამოყენებას, საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში”,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ, მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასა და საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის ანტიჰუმანურ მიდგომას ამ საკითხისადმი. მან დეტალურად აღუწერა დამსწრეთ შექმნილი მდგომარეობა და კოლეგებს ევროპის ქვეყნების პარლამენტებიდან სთხოვა ქმედითი დახმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები