რომან გოცირიძე: თაროზე შემოდებული საქმეები ნელი მოქმედების ბომბია
“ნაციონალური მოძრაობის” ერთი-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, “ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამერიკელ ლობისტებზე დახარჯული ფულების ქექვა, პირდაპირი ნიშანია რუსეთისთვის, რომ ამერიკასა და პროდასავლურ ოპოზიციას ებრძვიან.
“თაროზე შემოდებული საქმეები არის ნელი მოქმედების ბომბი. აგერ შვიდი წელი იყო თაროზე შემოდებული ნიკა მელიას საქმე, აამოქმედეს და ნიკა მელია გაუშვეს პარლამენტიდან. მთავარი ამოცანა იყო მისი პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვა, რაც გამოიხატებოდა მისთვის იმუნიტეტის გაუქმებაში. რაც შეეხება გიგა ბოკერიას და აშშ-ში ორი ყოფილი ელჩისადმი სავარაუდო ბრალის წაყენებას, ეს არის ყველანაირად უგუნური საქმე. ამაზე დიდი სისულელე შეიძლება ვერ წარმოიდგინოს ადამიანმა, რასაც ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ჩადის. ეს არის პირდაპირი სიგნალი რუსეთისათვის, რომ ვაკეთებთ თქვენს საქმეს, რა თქმა უნდა, ამის მეორე მიზეზი არის წინასაარჩევნოდ როგორც ნიკა მელიას, ასევე გიგა ბოკერიას განეიტრალება. ამერიკელ ლობისტებზე დახარჯული ფულების ქექვა, ეს არის პირდაპირი ნიშანი რუსეთისათვის, რომ ისინი ებრძვიან ამერიკას და ამავე დროს ებრძვიან პროდასავლურ ოპოზიციას და ანეიტრალებენ ოპოზიციას. მსგავსი უგუნური გადაწყვეტილება ყოველთვის უმძიმესი პოლიტიკური ფასი უჯდება მას, ვინც ამას სჩადის“, – განაცხადა გოცირიძემ.
“ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.