აშშ-მა ქვეყნიდან ორი ჩინელი დიპლომატი გააძევა
აშშ-მა ქვეყნიდან, ფარულად, ორი ჩინელი დიპლომატი გააძევა, რომლებიც სექტემბერში ვირჯინიის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე უკანონოდ შეღწევას ცდილობდნენ, წერს The New York Times.
გამოცემის ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ჩინეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში. The New York Times წერს, რომ ჯაშუშობისთვის ჩინელი დიპლომატების გაძევება, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ორივე დიპლომატი მეუღლეებთან ერთად სპეციალური დანიშნულების ბაზაზე ჩავიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ შესვლის ნებართვა არ ჰქონდათ. დიპლომატები საბოლოო ჯამში, ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალით გაიყვანეს.
ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ამ გზით დიპლომატები ცდილობდნენ დაედგინათ, როგორ მუშაობს ბაზაზე უსაფრთხოების სისტემა. თავად ჩინელების განმარტებით ადგილი აქვს გაუგებრობას: ცუდად საუბრობენ ინგლისურ ენაზე და ვერ გაიგეს, რა უთხრეს მათ დაცვის წევრებმა.
მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის არ ეცნობებინათ, პეკინმა საპასუხო ზომა არ მიიღო.