მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. სამაშველო ოპერაციაში დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გუშინ შევიდა.
მამაკაცის თანმხლებმა პირმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა.