კობა გვენეტაძე – რუსული ავიასანქციების გამო ტურისტულ სექტორს 300 მილიონი დააკლდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გამო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 300 მილიონით შემცირდა.
როგორც პარლამენტში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტზე საუბრისას გვენეტაძემ განმარტა, შემცირებულ შემოსავლებს ტურიზმიდან, პოლიტიკური არასტაბილურობაც დაემატა, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.
„მიმდინარე წლის მარტიდან წლიური ინფლაცია მიზნობრივ სამ პროცენტზე მაღალი იყო და ნოემბერში შვიდი პროცენტი შეადგინა. წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი – აქციზის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ფასები, ასევე, მომატებულია ფასები სურსათზე, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ასეთი ტიპის ფაქტორებზე ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, არ რეაგირებენ, ვინაიდან მათი განეიტრალება მონეტარული ინსტრუმენტებით თითქმის შეუძლებელია. სექტემბრიდან ინფლაციის ზრდა დაჩქარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ გამოწვია. ივლისში რუსეთის მიერ ავიამიმოსვლი შეწყვეტის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და სხვა შესაძლო სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია“, – აღნიშნა გვენეტაძემ