მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების მიზანი სხვა არაფერი იყო, თუ არა ოპოზიციის მხრიდან პლენარული სხდომის ჩაშლა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებისათვის კენჭისყრის პროცესი უნდა გამართულიყო.
„ისეთი მდაბიო, ისეთი თავხედური პერფომანსი ჩაატარეს და ისე თავხედურად აპიარებენ ამ ყველაფერს, რომ უკვე აღარ ვიცი ამას რა ჰქვია. მიზანი იყო სხდომის ჩაშლა, „სასამართლო უნდა გაჩერდეს” – სკანდირებდნენ ამას, ოღონდ ცოტა სხვა სიტყვებით, სიტყვასიტყვით თუ ვიტყვით, რომ „სია უნდა ჩავარდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში სულ მალე რჩება ზუსტად ოთხი მოსამართლე, არადა უზენაეს სასამართლოს მინიმუმ 28 -30 მოსამართლე სჭირდება, გამართულად რომ იფუნქციონიროს. მდინარაძის თქმით, იმის გამო, რომ ცოტა მოსამართლეა დღეს, დაახლოებით 6 ათასი საქმე დაგროვდა და აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო მოსამართლეებით, რომელთა შერჩევის პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა.
„იუსტიციის საბჭომ, პარლამენტმა როგორ უნდა იმოქმედოს, ამისათვის ისეთი დეტალური და გამჭვირვალე კრიტერიუმები გავწერეთ, რომელიც არ არის მსოფლიოში. შემთხვევით კი არ ვამბობ, მსოფლიოში არ არის ასეთი გამჭვირვალე პროცესი. წარმოდგენილი გვყავს მოსამართლეები – ზოგი მოგვწონს, ზოგი არა, ზოგთან კითხვის ნიშნებია – ვისთან მძაფრი, ვისთან არამძაფრი და ა. შ. ისეთებიც არიან, რომ არ მუშაობდნენ წარსულში, არიან ახალგაზრდებიც, მოკლედ არჩევანის ფართო სპექტრი გვაქვს. ახლა ჩვენ მარტივი გამოწვევის წინაშე ვართ, თუ რაღაც არ გადავწყვიტეთ, მაშინ სასამართლო ჩამოიშლება, შევხედოთ ვის ავირჩევთ, ჯერ წინ არის ყველაფერი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის შეფასებით, ოპოზიციის მცდელობა სხდომის ჩაშლის თაობაზე არის უნიჭოდ დადგმული პერფომანსი.
მამუკა მდინარაძის თქმით, ყველამ, ვინც პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო, ნათლად დაინახა ეს ორი ადამიანი (ირმა ნადირაშვილი, ლელა ქებურია) მივიდა ჯერ ერთ-ერთ დამოუკიდებელ დეპუტატთან, მერე ერთმა ქვევით გაიარა – ქებურიამ, სადაც სავარაუდოდ ეს სითხეა დასხმული და ამის კადრებიც არის.
„როგორც ირკვევა ვინც კი ალერგიული იყო, მათზე უფრო მძაფრად იმოქმედა, ეტყობა ის რაღაც ნივთიერება, რაც იყო, ალერგიულებზე უფრო მეტად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, კრიმინალი ნამდვილად არ იქნება. ეგენი მაგას ვერ გაბედავდნენ. კრიმინალის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ერთი პროცენტი რომ მაინც ყოფილიყო რაიმე რისკი, იმიტომ რომ მაგათ ყველაფერი მოუვათ თავში, იმიტომ რომ ისეთი ხალხია ზოგადად და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ადრეც და ახლაც, ვხედავთ, ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო, გავუფრთხილდით ჟურნალისტებს, დეპუტატებს და გავიყვანეთ დარბაზიდან ყველა. მას შემდეგ, რაც ექსპერტ-კრიმინალისტები წინასწარ შედეგებს დადებენ, სხდომა გაგრძელდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.