ქუთაისში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით,  საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ის მისია, რაც საქართველოს დაეკისრა. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას საქართველო კარგად გაართმევს თავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი კურსის სწორად მიმართვაში მონაწილეობს. მადლობა დიპლომატებს, რომელთა სწორი მუშაობაც კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპის დიდ ოჯახთან,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

“საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაცაა და დიდი პატივიც. ჩვენს ქვეყანას ევროპული კურსი ღირსეულად უჭირავს. 6 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე იქნება, პრიორიტეტული იქნება ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, გარემოს დაცვა და სხვა. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო ამ ოჯახის ღირსეული წევრია,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ღონისძიება “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები