“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა გამჭვირვალე იყო, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს”
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტილება კანონმდებლობით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.
“პარლამენტის სხდომა შედგება, სადაც ჩვენ კენჭს ვუყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. გადაწყვეტილება იმ კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება, რომლებიც კანონმდებლობითაა გაწერილი. ამ ყველაფერს წინ უძღვოდა დაახლოებით ექვს თვიანი, ნახევარ წლიანი პროცედურა. ჯერ იყო პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემდეგ პარლამენტში. ყველაფერი საზოგადოების დაკვირვების ქვეშ წარიმართებოდა. ასევე, პარლამენტში თითოეულ მონაწილეს ჰქონდა საშუალება, კანდიდატებისთვის კითხვა დაესვა. პროცედურა ღია და გამჭვირვალე იყო. ეს ყველაფერი სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ის კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ჩამოყალიბებულია. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ შესავსები არის უზენაესი სასამართლო. გამომდინარე იქიდან, რომ დაგროვილია ათასობით საქმე, რომელიც განხილვას საჭიროებს. არის ზოგიერთი მიმართულება, სადაც ერთი მოსამართლეა დარჩენილი. შესაბამისად, გარკვეული, რაციონალური რაოდენობით უნდა შეივსოს უზენაესი სასამართლო და ამის გათვალისწინებით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში ხვალ, 12 დეკემბერს გაიმართება.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.