ანდრეი რუდენკო: დეტალები არ ვიცი, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება.

მისი თქმით, დეტალები არ იცის, რადგან გაფრინდაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება.

“ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იქნება ერთ-ერთი საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. დაველოდოთ, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. დეტალები არ ვიცი, ის ხომ რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება. ვეტყოდი ოჯახს, რომ იმედი მაქვს მისი მალე გათავისუფლების”, – განაცხადა რუდენკომ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები