ნინო წილოსანი: კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის კუთხით საქართველო დგას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გვერდით

ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის კუთხით საქართველო დგას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გვერდით, რეგულაციის ხარისხის დონის მიხედვით კი ევროკავშირის ქვეყნების დონეზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო წილოსანი ფინანსთა მინისტრის მიერ გუშინ წარმოდგენილ წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომლებიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიდო.

“პირველი რითიც მინდა დავიწყო არის ის ფისკალური წესები, რომელიც სახელმწიფომ და ფინანსთა სამინისტრომ დააწესა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი, რაც არის საერთაშორისო სტანდარტების ნამდვილად კარგი მაგალითი. მთავრობის ვალი საკმაოდ დაბალ და ურისკო მაჩვენებელზეა და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი. ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის მიხედვით, ჩვენი ბიუჯეტი მეხუთე ადგილზეა შვედეთის და ნორვეგიის ბიუჯეტის ღიაობის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო და საჯარო თანხების ხარჯვის და შემოსავლის ნაწილი სრულიად გამჭვირვალეა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იანვრიდან ბიუჯეტის ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც თითოეული მოქალაქეს შეეძლება ნახოს ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები და რაც მთავარია, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ.

დაბალი საგადასახადო ტვირთის მიხედვით, საქართველო მესამე ქვეყანაა მსოფლიოში და ამ დადებით მხარესთან ერთად, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ამ გადასახადების ამოღება. თუმცა ვიცით, რომ გრძელვადიანი შემოწმებები საგადასახადო ბიზნესისთვის და კერძო სექტორისთვის საკმაოდ დიდი დისკომფორტი და ტვირთია, ამიტომ 2019 წელს ფინანსთა სამინისტრომ პრაქტიკაში დაამკვიდრა თემატური გასვლითი შემოწმებები, რომელიც გაცილებით მოკლევადიანია და ნაკლებ ადამიანურ რესურს მოითხოვს გადასახადის გადამხდელისგან.

რა გვაქვს ამის ყველაფრის შედეგად? შედეგად გვაქვს მმართველობის ხარისხის საერთაშორისო რეიტინგში ის, რომ ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის კუთხით საქართველო დგას აღმოსალეთ ევროპის ქვეყნების გვერდით, რეგულაციის ხარისხის დონის მიხედვით კი ევროკავშირის ქვეყნების დონეზე.

და ბოლოს რა გვიჯდება ეს შედეგები და ეს მიღწევები, რომლებიც ნამდვილად ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. საქართველო იაფი ბიუროკრატიის რეიტინგში მეორე ადგილზეა სინგაპურის შემდეგ. ჩვენ ეს შედეგები გვიჯდება მაქსიმალურად იაფი და მაქსიმალურად ნაკლებ გადასახდელთა გადახდილ თანხებს ვხარჯავთ ამ შედეგების მისაღებად”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები