ჟენევაში, დღეს, მოლაპარაკების 50-ე რაუნდი დაიწყება – შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებენ
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დაიწყება, რომელზეც განსახილველ მთავარ თემებს შორის უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება.
ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ტრადიციულად, აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი განიხილება.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.
“პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის ძალის არ გამოყენების სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც იქნება დასმული ამ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.