ზაზა ურუშაძეს 12 დეკემბერს დაკრძალავენ

ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ურუშაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
„53 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე, რაც დიდი დანაკლისია ქართული კინოსთვის.
ზაზა ურუშაძის კინოკარიერა 1989 წელს დაიწყო. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაშია ისეთი ფილმები, როგორებიც არის: „აქ თენდება“, „სამი სახლი“, „დარჩი ჩემთან“, „ბოლო გასეირნება“, „მანდარინები“, „აღსარება“. ასევე, პოპულარული ტელესერიალი „ცხელი ძაღლი“.„მანდარინები“ ქართული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტიტულოვანი ფილმია. ათეულობით პრესტიჟულ ჯილდოსთან ერთად, ფილმმა მოიპოვა „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. მოგვიანებით კი ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს.
რეჟისორის ბოლო ნამუშევარი ქართულ-უკრაინული კოპროდუქცია „ანტონი“ აღმოჩნდა. ფილმზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ურუშაძე 2003-2005 წლებში იკავებდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
პანაშვიდები გაიმართება: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს – თბილისი, ვაჟა-ფშაველას №35, სადარბაზო №1, სართული №6.
დაკრძალვა: ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონი, ხარების ტაძარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები