დავით ბაქრაძე: მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში “ევროპული საქართველოს“ და ზოგადად ნორმალური პოლიტიკური ოპოზიციის ადგილს ვერ ვხედავ
მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში “ევროპული საქართველოს“ და ზოგადად ნორმალური პოლიტიკური ოპოზიციის ადგილს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მოსამართლეების დამტკიცება საზოგადოების კიდევ ერთი გამოწვევაა.
“ჩვენ მიგვაჩნდა, რომ როგორც პასუხისმგებლიან ოპოზიციას, უნდა მიგვეღო მონაწილეობა ამ პროცესში და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სახეები ამ მოსამართლეების, ვინ იმსახურებდა და ვინ არა უზენაესი სასამართლოს წევრობას. მომზადებული გვქონდა სრულიად გამჭვირვალე კრიტერიუმების სია, რომლის მიხედვითაც მოვამზადეთ თავად მოსამართლეების სიაც, ვისაც ჩვენი აზრით, შესაძლოა, დაემსახურებინა უზენაესი სასამართლოს წევრობა და მხარდაჭერა, მაგრამ შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დღის წესრიგიდან მოხსნა. ვინაიდან ამ მდგომარეობაში, როდესაც არსებობს ასეთი მძაფრი საზოგადოებრივი დაპირისპირება, როდესაც შევედით ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში “ქართული ოცნების“ გამო, რაიმე ფორმით ამ პროცესში მონაწილეობა უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია. დღეს მოსამართლეების დამტკიცება კიდევ ერთი გამოწვევა არის საზოგადოების. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ქუჩაში მიმდინარე პროცესები, არ აინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება, არ აინტერესებს ამ ქვეყნის მომავალი. ამიტომ დღეს მოსამართლეების საკითხის განხილვა არის საზოგადოების კიდევ ერთი გამოწვევა, კიდევ ერთი დემონსტრაცია უგულებელყოფის და იგნორის “ქართული ოცნების“ მხრიდან. ამიტომ ამ პროცესში მე ვერ ვხედავ “ევროპული საქართველოს“ და ზოგადად ნორმალური პოლიტიკური ოპოზიციის ადგილს“,- განმარტა ბაქრაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება. როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, სხდომის დღის წესრიგში 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრაა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 20 კანდიდატია წარდგენილი.