ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ

ქუთაისში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები იმ პროცესებს გამოეხმაურნენ, რაც აჭარის საზოაგადოებრივ მაუწყებელში ხდება და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის საზმაუ-ში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ახლადდანიშნული დირექტორის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევას აპროტესტებენ.
“ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მხარდაჭერა კოლეგების მისამართით, იმიტომ რომ აჭარის საზოგადიებრივ მაუწყებელში საკმაოდ რთული სიტუაციაა. ახალი დირექტორი ითხოვს, ის სარედაქციო პოლიტიკა, რაც აქამდე იყო, შეიცვალოს, თვლის რომ რესპოდენტებს არ უნდა უსვამდნენ ეთერში კრიტიკულ შეკითხვებს და უნდა უქმნიდნენ კომფორტს. სავარაუდოდ, ეს ის კომფორტი იქნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე ტელეარხზე ექნება. მე, როგორც რიგითმა ჟურნალისტმა, საჭიროდ ჩავთვალე სოლიდარობა გამომეცხადებინა კოლეგებისთვის, რადგან 21-ე საუკუნეში, მით უფრი საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორი შანტაჟის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს ჟურნალისტებს”, – განმარტავს ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციას პერმანენტულად მართავენ.

ჟურნალისტების განცხადებით, ახლად არჩეული დირექტორი მაუწყებლის საინფორმაციო ნაწილს ეხება და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის დირექტორად ცოტა ხნის წინ გიორგი კოხრეიძე აირჩიეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები