ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხელმოწერით ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა აჩილ ფრანგიშვილმა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა აბაშიძემ და ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა პროფესორმა დავით ნადარეიშვილმა გაამყარეს. ღონისძიებას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაციის საქმეში ახალი ტექნოლოგიების შეჭრის პროცესი 21-ე საუკუნემ კიდევ უფრო გააძლიერა და სამეცნიერო კვლევების მხრივ მეტი შესაძლებლობები გააჩინა. რექტორის თქმით, სწორედ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით იზრდება ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური მეტად იყოს დაცული.
„უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ტიპის მემორანდუმის არსებობა და მასში ერთ-ერთ მხარედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა. პროცესი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ გვეძლევა საშუალება, ჩვენი ტექნოლოგიური ცოდნით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საქმიანობა გავაძლიეროთ და ერთობლივი მულტიდისციპლინარული კვლევები ვაწარმოოთ. იმედი გვაქვს, რომ გაცილებით სერიოზულ შედეგებს მივიღებთ. ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საინტერესოა როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან, ასევე, ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან თანამშრომლობა. ორივე ცენტრი ცნობილია თავისი საერთაშორისო პროექტებითა და კვლევებით. ალბათ, უკვე დროა, რომ ტექნოლოგიური მხარეც ღირსეულად გამოჩნდეს ამ ტიპის კვლევებში. როგორც ბატონმა ზაზა აბაშიძემ ბრძანა, ჩვენ უკვე დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც დღეს მემორანდუმით ოფიციალურად განმტკიცდა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ მოცემულობასა და დროში, რომელიც ითხოვს უახლესი და ნანოტექნოლოგიების შეჭრას ყველა დარგში, მათ შორის ქართველოლოგიურ კვლევებში. ეს არის რეალობა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის თქმით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის ქართველოლოგიურ კვლევებს ახორციელებს, უმნიშვნელოვანესია მეცნიერების სხვა დარგებთან, მათ შორის, უახლეს ტექნიკურ, ნანოტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან თანამშრომლობა.„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უმდიდრესი კოლექცია ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ კვლევების ფარგლებში ვმუშაობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ქიმიის, ფიზიკის და მემბრანული ტექნოლოგიის მიმართულებით. ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელნაწერების კონსერვაცია-რესტავრაცია და კლიმატური რეჟიმების კონტროლია. ვის უნდა მივმართოთ, თუ არა ტექნიკურ უნივერსიტეტს, გამოვიყენოთ მისი კვლევები ქიმიის, საინჟინრო ფიზიკის, კონდიცირებისა და კლიმატური რეჟიმის დაცვის მიმართულებით. ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი რევაზ კლდიაშვილი ასევე არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაფართოება, სწორედ მისი დამსახურებაა. რაც შეეხება ახალი კვლევებისა და მეთოდების გაზიარებას, უკვე ვესაუბრე ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოქტორს თამარ გაგნიძეს, რომელიც კონსერვაციის დარგში მუშაობს. მას საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული, რომლის პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყობა. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ასეთივე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან. ჩვენი თანამშრომლობის შედეგი უკვე სახეზეა – ვგულისხმობ აქ მოწყობილ ექსპოზიციას. მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, იძლევა იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთობა“, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.

ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის დავით ნადარეიშვილის თქმით, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე მეცნიერებაში წარმატების მიღწევა მხოლოდ დარგთა მიჯნაზეა შესაძლებელი.
„მნიშვნელოვანია, რომ ბიომედიცინის ცენტრის ულტრა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიაში, ატომური ძალოვანი მიკროსკოპისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ზონდური მიკროსკოპის გამოყენებით, ძველი ხელნაწერების ხელახალი კვლევა ხდება. ხშირ შემთხვევაში, ხელახლა ხდება ისტორიული მასალების გადახედვა და ფაქტების განმტკიცება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიური ასპექტები დღეს უკვე უხვად გამოიყენება კვლევებში. მადლობას ვუხდი ბატონ რევაზ კლდიაშვილს და ქალბატონ ლია ჟვანიას, რომლებიც ამ საქმის სულისჩამდგელები არიან. ამ პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა უკვე შემდგარი ფაქტი და 21-ე საუკუნის გარდაუვალი რეალობაა. ტექნიკური უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით, ჩვენ ახალი გამოცდილება შევიძინეთ და ახალი ტექნოლოგია დავნერგეთ“, – აღნიშნა დავით ნადარეიშვილმა.
ამ წარმატებული პროექტის იდეა ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, რევაზ კლდიაშვილსა და ამავე ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსს, ნესტან ბაგაურს ეკუთვნით.
„ზოგადად, ჯერ მემორანდუმს აწერენ ხელს და შემდეგ იწყებენ საქმის კეთდებას. ჩვენ კი მემორანდუმის გაფორმებამდე უკვე ჩატარებული გვქონდა მოცულობითი სამეცნიერო სამუშაოები. პერსპექტივაში, კიდევ უფრო საფუძვლიანი და ღრმა კვლევები გველის. იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს და უნიკალურ სამეცნიერო ლაბორატორიებს, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბერიტაშვილის ბიომედიცინის ცენტრს გააჩნია, სათანადო გამოყენება სჭირდება. სწორედ ეს არის სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდები, რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ძველი ხელნაწერების შესწავლის პროცესში დაეხმარება“, – განაცხადა რევაზ კლდიაშვილმა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტოექსპოზიცია – „ერეკლე II-ის ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ დაათვალიერეს. გამოფენილი იყო ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი ხელნაწერი საბუთები, სიგელები, მეფის იარაღისა და რჩეული ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვა ხელნაწერი დოკუმენტები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები