“არემჯის” დაკვეთით, დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
“არემჯის” დაკვეთით, დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე კვირაა მიმდინარეობს. აღნიშნული ხიდი დაბასთან ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა, ამიტომ პროექტი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე “არემჯის” თანამშრომლებისათვის მნიშვნელოვანია.
კომპანია “არემჯის” ცნობით, ხიდის რეაბილიტაციის პარალელურად, მათივე დაფინანსებით ცენტრალური მაგისტრალიდან კაზრეთის მიმართულებით მიმავალი გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციაც იგეგმება.
„როგორც ადგილზე ვნახეთ, კაზრეთის ხიდის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გზის ცალ მხარეს უკვე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ფეხით მოსიარულეთათვის, ტროტუარის მოწყობასაც ითვალისწინებს. ხიდის რეაბილიტაციის პროცესში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შიდა გზის კიდევ ორი მონაკვეთი გარემონტდეს. სასიხარულოა, რომ ახალი წლიდან, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჩვენი თანამშრომლები გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას”,- განაცხადა “არემჯის” წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა.
პროექტი ჯამში 2 კმ – მდე გზის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარის დაგებას ითვალისწინებს.
ხიდის რეაბილიტაციას კომპანია “მშენებელთა ჯგუფი” ახორციელებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება. საახალწლოდ კაზრეთის მოსახლეობა, ახალი რეაბილიტირებული ხიდით შეძლებს სარგებლობას. ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 200 000 ლარს აღემატება.